მთავარი » 2013 » აპრილი » 1 » პატრიარქის ქადაგება (ტექსტი) 31.03.2013
10:55
პატრიარქის ქადაგება (ტექსტი) 31.03.2013
სახელითა მამისათა და ძისათა და  წმიდისათა სულისა. ჩვენთან არს ღმერთი!ადამიანის წინაშე და, საერთოდ, კაცობრიობის წინაშე, დგას მრავალი საკითხი, რომელიც უნდა გადაწყვიტოს ყოველმა ადამიანმა და ერმა. ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს წარსულს, დღევანდელ დღეს და შევხედოთ მომავალში, ჩვენ დავინახავთ, რომ დრონი იცვლებოდნენ და ჩვენც ვიცვლებოდით, ვიცვლებით მასთან ერთად. სად მიდის ადამიანი, კაცობრიობა? კაცობრიობა გახდა უფრო მომთხოვნი. კაცობრიობა, ადამიანი არ კმაყოფილდება იმით, რაც გააჩნია. სულ ახალ-ახალი სიამოვნება სჭირდება მას და ამ პროცესს არა აქვს დასასრული. ჩვენ ძალიან ხშირად ვთხოულობთ დახმარებას, თუ ყურადღებას. ადამიანი გახდა მომთხოვნი. იმაზე ნაკლებად ფიქრობს, თვითონ რას აძლევს სხვას. ჩვენ რას ვაძლევთ სამშობლოს. აი, ამიტომ, ეს ისტორიული სიტყვებია: თქვენ გახსოვთ კენედიმ მიმართა თავის ერს და უთხრა: თქვენ ნუ ფიქრობთ იმაზე, სამშობლომ რა უნდა მოგცეს. თქვენ რა უნდა მისცეთ სამშობლოს?" აი, ეს კითხვა აქტუალურად დგას ჩვენს წინაშე. ჩვენ რომ რაღაცა მივცეთ სამშობლოს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენი ადგილი ამ ცხოვრებაში. ვინ ვარ მე? რას ვაკეთებ? სად მივდივარ? ეს ყველაფერი უნდა გვაწუხებდეს ჩვენ, უნდა აწუხებდეს მშობლებს, რომელნიც ზრდიან თავის შვილებს, უნდა აწუხებდეს სასწავლებლებს და, განსაკუთრებით, უნდა აწუხებდეს ფსიქოლოგებს. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ფსიქლოგები, ჯერჯერობით, ვერ ასრულებენ თავის მოვალეობას. ჩემი აზრით, ნებისმიერ დაწესებულებაში უნდა იყოს ფსიქოლოგი. ეს ბევრად გაგვიადვილებს ცხოვრებას. ჩვენ დღეს მრავალი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ძალიან ხშირად ჩვენ ამ პერიოდს ვუწოდებთ გარდამავალ პერიოდს. როდის დამთავრდება ეს გარდამავალი პერიოდი, არავინ იცის. და ჩვენ, მაინცადამაინც, ნაკლებად ვიწუხებთ თავს და ვფიქრობთ, რომ სხვამ უნდა გააკეთოს, სხვამ უნდა იშრომოს, მე კი უნდა ვჭამო. აი, ასეთი დამოკიდებულებაა დღეს. მე მინდა შევეხო ერთ საკითხს: სამშობლო. რა არის სამშობლო? ეს დიდი საიდუმლოებით მოცული რამეა. სამშობლო არ მარტო ჩვენი ცა და ქვეყანაა, არამედ ყოველი ჩვენთაგანი არის ნაწილი სამშობლოსი. ეს არის ადამიანის გული, ეს არის ადამიანის გონება. ყოველი ჩვენი ფიქრი უნდა ემსახურებოდეს სამშობლოს, უნდა ფიქრობდეს სამშობლოსათვის, იმიტომ, რომ ჩვენი ფესვები აქ არის, სამშობლოშია. და ჩვენ თუ დავკარგავთ ჩვენს კავშირს ჩვენს წინაპრებთან, ჩვენს მამულთან, ჩვენს კულტურასთან, ჩვენს სარწმუნოებასთან, ყველაფერი დაიკარგება. აი, ამიტომ მე ძალიან  მაკვირვებს ის, რომ ძალიან ხშირად ჩვენი თანამემამულენი ფიქრობენ თავის თანამდებობაზე, თავის შემოსავალზე, თავის ბედნიერებაზე და ნაკლებად ფიქრობენ სამშობლოზე. ჩემთან ერთი ორი-სამი წლის წინ იმყოფებოდა შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე, ქალბატონი და ის მეუბნებოდა, რომ ჩვენ ოპოზიცია არა გვყავსო პარლამენტში. და მაშ, როგორ ცხოვრობთ-მეთქი. ყველა ვაკეთებთ სამშობლოს საქმესო, ყველა ვემსახურებით სამშობლოსო და ეს სამშობლო გვაძლევს ჩვენ ყველაფერს, რა საჭიროაო. მე ძალიან მიკვირს, როცა ჩვენი პარლამენტის წევრები ამბობენ, რომ ეს ეკუთვნის უმრავლესობას, ეს ეკუთვნის უმცირესობას და ავიწყდება, რომ ჩვენს უკან დგას სამშობლო. ჩვენს უკან არის ის სანუკვარი, ის საოცარი რამ, რომელიც თუ დაიკარგება, ყველაფერი გაქრება, ჩვენც აღარ ვიარსებებთ, ჩვენც გავითქვიფებით რომელიმე ერში. აი, ამიტომ სამშობლოს უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც თვალის ჩინს. იმაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, რომელ პარტიას ვეკუთვნით, ჩვენ ნამდვილი ერთი პარტია გვაქვს, ეს არის ჩვენი სამშობლო, ეს არის ჩვენი ხალხი. ჩვენ უნდა დავინახოთ, ვის უჭირს და ვის ულხინს, ვის სჭირდება ეს დაყოფა. ეშმაკი ჰყოფს და ღმერთი აერთიანებს. რა თქმა უნდა, მთელს მსოფლიოში არის ეს ერთი წესი, რომ არსებობს ესა თუ ის პარტია, მაგრამ ეს პარტია და ნებისმიერი პარტია და ნებისმიერი ადამიანი უნდა ემსხურებოდეს თავის ხალხს, გაჭირვებულ ხალხს, თავის სამშობლოს. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს ჩვენ ხედვა, თუ სად არის გაჭირვება, სად არის სიყვარული, სად არის სიხარული და სად არის ბოროტება და სად არის ორგულობა. აი, ეს უნდა გაარჩიოს ჩვენმა ხალხმა. მე ყველას გლოცავთ და მინდა გთხოვოთ თქვენი ლოცვა. ექიმების რეკომენდაციით, მე ორი კვირით მივდივარ ფინეთის დედაქალაქ ჰელსინგში. იქ პატარა ყურადღებას მომაქცევენ ექიმები და ღვთის მადლოთ და თქვენი ლოცვებით მშვიდობით დავბრუნდები ისევ თქვენთან. მე იმედი მაქვს თქვენი ლოცვების.ეხლა მოგვიახლოვდა ჩვენ ხარებობა. ხარების დღესასწაულზე უნდა ყოფილიყო ფოთის შესანიშნავი ტაძრის კურთხევა. მაგრამ ეს ვერ ხერხდება ხარებას და თუ ღმერთი მშვიდობას მოგვცემს, ეს შესრულდება აღდგომის შემდეგ, კვირაცხოვლობას, აღდგომის სწორზე. ეს იქნება დიდი ზეიმი არა მარტო ფოთის ეპარქიისა, არამედ მთელი საქართველოსი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და თქვენი ლოცვების იმედად მივდივართ ჩვენ უცხოეთში....…დალოცვილი და გახარებულები იყავით. ჩვენთან არს ღმერთი. (იხილეთ ვიდეო)
კატეგორია: ქადაგებები ტექსტის სახით | ნანახია: 708 | დაამატა: beso2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: