მთავარი » 2013 » აპრილი » 29 » პატრიარქის ქადაგება 28.04.2013 (ბზობა)
16:39
პატრიარქის ქადაგება 28.04.2013 (ბზობა)

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი.

ყველას გილოცავთ ბზობის დიდ დღესასწაულს. ბზობა ეს არის ის დღე, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ზეიმით შედის იერუსალიმში. ზის ვირსა ზედა და მთელი ხალხი ხვდება მას და ადიდებს: „ოსანა ძესა დავითისასა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა." მე მინდა დღეს გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რა არის დიდება ადამიანისა წინაშე ღვთისა და წინაშე ადამიანთა. როცა ერი ადიდებდა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, სწერია სახარებაში, რომ მაცხოვარი ტიროდა. ტიროდა იმიტომ, რომ ის ხალხი, რომელიც დღეს ადიდებდა და უგალობდა უფალს: „ოსანა ძესა დავითისასა", რამოდენიმე დღის შემდეგ იგივე ხალხი იყვირებს: „ჯვარს აცვით იგი!" ასეთი ცვალებადია ადამიანი. მე მინდა დღეს შევეხო ცხოვრებას ერთი დიდი ადამიანისა, რომელიც ცხოვრობდა ინდოეთში და თქვენ ალბათ წაკითხული გაქვთ მისი ცხოვრება. ეს არის სუნდარ სიითხი. სუნდარ სიითხი იყო ინდუისტი, მაგრამ მას არ აკმაყოფილებდა ინდუისტური რელიგია. მან წაიკითხა სახარება, ბიბლია და დაწვა. ესაც არ აკმაყოფილებდა. მან მიმართა მუსულმანურ რელიგიას, ესეც უარყო. და ბოლოს სუნდარ სიითხმა გადაწყვიტა თავის მოკვლა. მათი სახლის მახლობლად იყო რკინიგზის ლიანდაგი. იქ უნდოდა გასულიყო და დაჰგებოდა მატარებელს. და როცა ელოდებოდა ღამე იმ საათს,  როდესაც უნდა ჩამოევლო მატარებელს, რამოდენიმე წუთით წინ მან იხილა შუქი, ნათელი. მას ეგონა, რომ მოსამსახურე ადგა და აანთო შუქი. ეს შუქი თანდათან ძლიერდებოდა და მან დაინახა უფალი იესო ქრისტე. „ვინა ხარო?" და „მე ვარ ქრისტე, რომელსაც შენ სდევნიო". წამოხტა საწოლიდან, მივარდა თავის მამასთან და უთხრა: მე ახლა ვნახე მაცხოვარიო, მე ვარ ქრიტიანიო. მამას ეგონა, რომ ავადმყოფია უკვე ფსიქიურად: შენ არ იყავი, რომ ბიბლია დაწვიო? მაგრამ სუნდარ სიითხი მტკიცედ იდგა თავის ქრისტიანულ საწყისებზე, სარწმუნოებაზე. მამა იმდენად განრისხებული იყო თავის შვილზე, რომ უბრძანა მოსამსახურეებს, საჭმელი აჭამეთ და საჭმელში ჩაუყარეთ საწამლავიო. მე არ მინდა ასეთი შვილიო. მართლაც, ჩაუყარეს საწამლავი. წავიდა სახლიდან და გზაში დავარდა. ის მიიყვანეს ერთ-ერთ მონასტერში, უკურნალეს და გადაარჩინეს. იმის შემდეგ მან დაიწყო ქადაგება.

მე რატომ მოგახსენებთ მის შესახებ: მას აქვს ქადაგება ბზობის დღესაწაულზე. ერთხელ მას ეკითხებიან, რომ მთელი მსოფლიო შენ გიცნობს, გადიდებსო და ნუთუ შენ არ დაგებადა გრძნობა სიამაყისა. მან მოუყვანა ასეთი მაგალითი: როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე შედიოდა ვირზე მჯდომი იერუსალიმში, ხალხი სჭრიდა ტოტებს, იხდიდა ტანსაცმელს და უგებდნენ იმ ვირს, რომელსაც უნდა გაევლო იმ ტანსაცმელზე. სუნდარ სიითხი ამბობს: ისინიო უგებდნენ არა იმ ვირს, არამედ ვინც მასზე იჯდაო. და თავისი თავი ვირს შეადარა: მეც ესა ვარო, ის პირუტყვი ვარ, რომელზეც უფალიაო. ამიტომ ხალხის ქება და დიდება არაფერს ნიშნავს ჩემთვისო. აი, ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, როცა ჩვენ გვაქებენ, გვადიდებენ, ჩვენ კი არ გვაქებენ, არამედ უფალს აქებენ, უფალს ადიდებენ, რომელიც ჩვენშია. ეს არის უდიდესი დღესაწაული და ხის ტოტები, ბზა, ეს არის სიმბოლო ძლიერებისა, სიმბოლო განახლებისა და ეს უნდა შევინახოთ მთელი წლის განმავლობაში.

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს.

და ბოლოს ის, რომელსაც დაარქვეს ინდოეთის მოციქული წავიდა  უდაბნოში და იქ დაიკარგა, იქ გარდაიცვალა. იგი ცხოვრობდა მეოცე საუკუნეში.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მოგცეთ მადლი, ღმერთმა მოგცეთ ძალა სულიერი და ფიზიკური.

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

აი,ჩვენ ყოველ დღე ვთხოვთ უფალს მშვიდობას და კაცთა შორის სათნოებას. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვადიდოთ უფალი. ჩვენ ჩვენ ცხოვრებით უნდა შევქმნათ ჯვარი: სწრაფვა ღვთისაკენ - ვერტიკალი და  სწრაფვა ხალხისაკენ - ჰორიზონტალი. და ჩვენი ცხოვრებით შეიქმნება ჯვარი. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ქმნის ამ ჯვარს - სიყვარული, რწმენა და სწრაფვა ღვთისაკენ და სიყვარული ადამიანებისა. ჯვარი გეწეროთ. ყოვლადწმინდა სამებამ დაგლოცოთ თქვენ  და სრულიად საქართველო. ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

კატეგორია: ქადაგებები ტექსტის სახით | ნანახია: 720 | დაამატა: beso2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: